მარიამ კუბლაშვილი: "ქმარმაც მიმატოვა, დედამაც და ძმამაც"
Page 1 of 1
მარიამ კუბლაშვილი: "ქმარმაც მიმატოვა, დედამაც და ძმამაც"
მარიამ კუბლაშვილი: "ქმარმაც მიმატოვა, დედამაც და ძმამაც"
ახალგაზრდა ადვოკატმა ქალმა, 28 წლის მარიამ კუბლაშვილმა, ტელეპროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" გამოჩენით საზოგადოება გააკვირვა, მაგრამ მისი ცხოვრების დღემდე გამოვლილი გზა კიდევ უფრო გამაოგნებელია.
მარიამი ახმეტაში დაიბადა. დედამისი პანკისელი ქისტი გახლავთ. გოგონა 5 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა და უზრუნველი, მშვიდი ცხოვრებაც წარსულს ჩაბარდა. ბიძამ ძმის ოჯახი ღია ცისქვეშ დატოვა. მარიამი 5 წლით უფროსი ძმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა და ქისტური ტრადიციების დაცვა მოეთხოვებოდა. ლამაზი გოგონას სცენური მონაცემები შეუმჩნეველი მაინც არ დარჩენილა და მარიამს ხან სილამაზის კონკურსში იწვევდნენ, ხან გადასაღებ მოედანზე, მაგრამ დედა და ძმა გოგონას ამ ნაბიჯებს ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ.
როცა პროფესიის არჩევაზე მიდგა საქმე, მარიამმა იურისტობა გადაწყვიტა. ეს იყო მისი და მისი ოჯახის უფლებების დაცვის ერთადერთი გზა. 23 წლის ასაკში, უკვე ადვოკატმა, ერთ–ერთი რთული საქმე მოიგო და საკუთარი ჭერის ყიდვა მოახერხა, მაგრამ ცხოვრების მწარე გაკვეთილები თურმე ჯერ კიდევ წინ იყო.
18 წლის ასაკში სიყვარულით შექმნილი ოჯახი დაენგრა. ერთი შვილი ჰყავს, გიორგი, რომელიც დღეს 9 წლისაა. მიუხედავად ყველაფრისა, მარიამს მაინც აქვს იმედი, რომ ქმარი დაუბრუნდება. საერთოდ სასწაულების სჯერა. ერთ–ერთი სასწაული მის ცხოვრებაში მაშინ დაიწყო, როცა პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მიიწვიეს, თუმცა ამ ნაბიჯს მისი დედისა და ძმის მხრიდან საშინლად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მარიამი იძულებული გახდა, საკუთარი შრომით შეძენილი სახლიდან წამოსულიყო... ამ თითქმის დაუჯერებელი ისტორიის შესახებ ახალგაზრდა ადვოკატი ექსკლუზიურად "სარკესთან" საუბრობს.
– მარიამ, თქვენ შესახებ ვიცით, რომ წარმატებული ადვოკატი ხართ, მაგრამ უცნობია გზა, რომელიც დღემდე გამოიარეთ.
– მე ცოტა უცნაური ისტორია მაქვს. მყავს შვილი, დედა და ძმა, რომელიც ახლა ჩემზე გაბრაზებულია, რადგან ის ძალიან ტრადიციულია და ვერ შეეგუა პროექტში ჩემს მონაწილეობას. დედა პანკისელი ქისტია. ისინი ცოტა სხვა ტრადიციების ხალხია. დედისთვის და ძმისთვის წარმოუდგენელია ჩემი, როგორც ადვოკატის, სცენაზე გამოსვლა და ცეკვა, ამიტომ ახლა წამოსული ვარ სახლიდან და ცალკე, ქირით ვცხოვრობ. ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა წარმოვაჩინო ჩემი თავი სცენაზე. ნახევარი ბავშვობა ახმეტასა და პანკისში გავატარე, ნახევარი – თბილისში. პანკისს და მის მკაცრ ტრადიციებს ვერ ვეგუებოდი. ჩაცმულობის გამო იქ სულ მკიცხავდნენ. 12 წლის ბავშვს რატომ უნდა დაუშალო მუხლებამდე კაბის ჩაცმა?!
ვაჰაბიტებმა მრავალცოლიანობის ტრადიციაც შემოიტანეს, რომელიც დღეს უკვე დამკვიდრებულია. ქალებს დღემდე კოჭებამდე კაბა აცვიათ და თავზე მანდილი ახურავთ. სამოსი ღია არ უნდა იყოს. პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" კი ღია სამოსს მოითხოვს. გაიხსენეთ ჩემი მეორე, წარუმატებელი გამოსვლა, კოსტიუმი რომ მეცვა ბოლომდე შეკრული პერანგით. ეს ჩემი სურვილით იყო. ბევრი ვიბრძოლე, რომ დახურული სამოსი მცმოდა. ამ სამოსს ჟიურის ძალიან ცუდი შეფასებები მოჰყვა. გოჩა ჩერტკოევმა პირდაპირ მითხრა, მსგავსი საზიზღრობა სცენაზე არ მინახავსო. იმდენჯერ მითხრა ჟიურიმ, ასე დახურული სამოსით აღარ გამოხვიდეო, რომ შემდეგ ტურზე ჩვეულებრივად ჩავიცვი სხვა კონკურსანტებივით.
ჩემი პაპა, ჟორა მაჩალიკაშვილი, გროზნოში დაიღუპა ბრძოლის დროს. იქ ნამყოფიც ვარ. საოცარი შთაბეჭდილება დამრჩა – პაპაჩემის ეზოში ამოთხრიდი მიწას და ნავთობი ამოხეთქავდა. გვერდიგვერდ იდგა ომის დროს დანგრეული შენობა და ძალიან მდიდრული სასახლე.
პაპა საერთოდ არ იყო მკაცრი. 10 წლის ასაკში სილამაზის კონკურსზე გამოვდიოდი და მგულშემატკივრობდა. ქართველებისა და ქისტების მეგობრობას ხელს ძალიან უწყობდა.
მამა, ვაჟა კუბლაშვილი, ძალიან ცნობილი ბიზნესმენი იყო. ავტოავარიაში დაიღუპა. მაშინ 5 წლის ვიყავი. ისე მოხდა, რომ მისმა ძმამ ყველაფერი წაგვართვა და ღია ცისქვეშ დავრჩით.
მე–5 კლასიდან თბილისში წამოვედი. ხან აქ ვიყავით, ხან – ისევ ახმეტაში. ეს იმაზე იყო დამოკიდებული, დედა სამსახურს სად იშოვიდა. თან მამაჩემის ბინას ველოდებოდით, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის 2 ნომერში შენდებოდა. მაგრამ გაირკვა, რომ ისიც მამის ძმამ გაყიდა. ამიტომ აქ ნათესავებთან ვცხოვრობდით, ერთი კვირა ერთთან, მეორე კვირა – სხვასთან და ა.შ. 11 სკოლა გამოვიცვალე იმის გამო, რომ მუდმივი საცხოვრებელი არ მქონდა. ხანდახან, როცა ვერც ნათესავებთან ვრჩებოდით და ქირასაც ვერ ვიხდიდით, უკან, ახმეტაში ვბრუნდებოდით.
– მამის ძმასთან ურთიერთობა არ გაქვთ?
– არ მაქვს, მაგრამ მამა ჩემთვის კულტია და რადგან მისი ძმაა, მაინც მიყვარს. ერთხელ ვნახე, ახლობლის ქორწილში, მივედი და ვუთხარი, მაინტერესებს, ეს რატომ გააკეთე და ამაზე სალაპარაკოდ შევხვდეთ–მეთქი. ნომერი ჩაიწერა, მაგრამ არ დაურეკავს. ადვოკატის პროფესია იმიტომაც ავირჩიე, რომ ჩემი ქონების დაბრუნება მინდოდა. სანამ ადვოკატი გავხდი, საქმეს ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა. ქონების დაკარგვიდან 10 წლის განმავლობაში უნდა განმეცხადებინა პრეტენზია.
ბავშვობიდან ვოცნებობდი სცენაზე. როგორც გითხარით, 10 წლისამ სილამაზის კონკურსში მივიღე მონაწილეობა, 16 წლის ვიყავი, როცა ჩეჩნურ ფილმში გადამიღეს. ფილმისთვის ჩეჩენმა რეჟისორმა შემთხვევით მნახა სკოლაში. მანამდე ჩეჩნეთში მხატვრული ფილმი არავის გადაუღია. დედა და ძმა წინააღმდეგი წავიდნენ, მაგრამ რეჟისორმა დაარწმუნა, რომ დახურულ სამოსში გამოწყობილს გადამიღებდა და თავადაც შეეძლოთ, გადაღებებს დასწრებოდნენ. ძმა ესწრებოდა. ამ ფილმის გადაღების და გავრცელების შემდეგ რეჟისორმა მითხრა, რომ რიჩარდ გირის სტუდია დაინტერესდა ჩემით, დიდი მომავალი მქონდა და ჯობდა, ამერიკაში წავსულიყავი. ჟურნალ "ტაიმის" ფურცლებზეც კი მოვხვდი ამ ფილმიდან. იქაც ეწერა, რომ რიჩარდ გირის სტუდია მეძებდა, მაგრამ ეს ყველაფერი დედას და ძმას არც გაუგიათ იმიტომ, რომ ვიცოდი, როგორი რეაქციაც ექნებოდათ.
სცენაზე დგომა ოცნებად დამრჩა. სწავლა უნდა გამეგრძელებინა გადარჩენისთვის. ახლა კი გამოდის, რომ ჩემი ოცნება ავისრულე. ღმერთს და ნოე სულაბერიძეს ვუხდი ამისთვის მადლობას. სხვათა შორის, კონკურსის მესამე ტურზე დედა დავინახე დარბაზში, მგულშემატკივრობდა. მესიჯიც მომწერა, რომ ძალიან მოეწონა ჩემი გამოსვლა, მაგრამ ეს მესიჯი არ გამხარებია... დედამ მაშინ მიმატოვა, როცა დახმარება მჭირდებოდა. იცის, როგორი რთული ცხოვრება მაქვს და გული დამწყდა, რომ გვერდით არ დამიდგა. ძმამ კი მომწერა, რომ ამას არ მაპატიებს. თუ ჩეჩნური წესით აპირებს ჩემზე შურისძიებას, ანდერძს დავტოვებ, რომ ცუდის გაკეთება არ მინდა, უბრალოდ მინდა, დავამტკიცო, რომ მონდომებას შედეგი მოაქვს და მიუღწეველი არაფერია.
– მარიამ, ძმის შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრეთ. ვინ არის, რას საქმიანობს?
– ჩემი ძმა, კარლო კუბლაშვილი, 5 წლით უფროსია ჩემზე. მძიმე პიროვნებაა, სხვა სამყარო აქვს. მიხეილ სააკაშვილის პერიოდში მის წინააღმდეგ გამოვიდა და დაიჭირეს. ბევრჯერ მყავს დახსნილი. დარწმუნებული ვარ, მგულშემატკივრობს, მაგრამ არ გამოხატავს... როცა პროექტში მიმიწვიეს, ჩემს ოჯახს ვერ გავუბედე ამის თქმა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ჩემმა მეგობარმა შემთხვევით თქვა. ძმას ისეთი რეაქცია ჰქონდა, რომ სახლიდან წამოვედი.
– თქვენი პირადი ცხოვრებაც ასეთივე სირთულეებით წარიმართა?
– პირველ კურსზე ვიყავი, რომ გავთხოვდი. მომავალი ქმარი, დავით ნადარაია, სულ ორჯერ მყავდა ნანახი, მაგრამ უკვე ძალიან დიდი სიმპათია მქონდა მის მიმართ. ჩემზე 7 წლით უფროსი იყო, მოჭიდავე. მან ფაქტობრივად მომიტაცა. ძმის შიშით ვერ დავბრუნდებოდი სახლში, თან ეს არც მინდოდა, მიყვარდა. რამდენიმე თვის იყო ჩვენი შვილი, ქმარი ამერიკაში სავარჯიშოდ რომ წავიდა ორი კვირით და აღარ დაბრუნდა. არადა ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ამას ვერ წარმოვიდგენდი. ჯერ მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ იქ არ იყო ისეთი პირობები, თან წავეყვანე. ერთ დღესაც, ახალ წელს, მისი ნომრიდან ვიღაც ქალი დამელაპარაკა. თავხედურად მითხრა, რომ ერთად ცხოვრობდნენ. ტელეფონი გავუთიშე და გონება დავკარგე. დედამთილ–მამამთილმა ეს რომ გაიგეს, დამამშვიდეს, დროებით ეყოლება ვინმე, სერიოზული არაფერი იქნებაო. მერე ქმარმაც დამირეკა, ცდილობდა, დავემშვიდებინე, მეუბნებოდა, რომ ის ქალი დროებით ჰყავდა, მაგრამ იმ ქალმა სურათები გამომიგზავნა, რითიც დამიმტკიცა, რომ მათ შორის სერიოზული ურთიერთობა იყო. მერე გავიგე, რომ ბავშვიც ეყოლათ.
ამასობაში 8 წელი გავიდა. ეს პერიოდი მოლოდინში გავატარე. დედამთილ–მამათილთან ერთად ვცხოვრობდი, რადგან სახლი არ მქონდა. იმ პერიოდში ძალიან ბევრს ვსწავლობდი, მონდომებული ვიყავი, რომ საცხოვრებელი სახლი მეყიდა. იმ დროს ჩემი ძმა დაჭერილი იყო, რადგან პირველი ადამიანი გახლდათ, ვინც პირდაპირ ეთერში სააკაშვილის წინააღმდეგ გამოვიდა. 3 წელი იყო ციხეში. ადვოკატად გახდომის შემდეგ, 23 წლის ასაკში, მნიშვნელოვანი საქმე მოვუგე პროკურატურას. გარკვეული თანხა მივიღე, რომლითაც ბინისთვის პირველადი შენატანის გაკეთება მოვახერხე, თანდათან ბინის თანხას ვფარავ. დღეს ისე გამოვიდა, რომ ამ სახლიდან ისევ წამოსული ვარ და ნაქირავებში ვცხოვრობ... მინდა, რომ დედაჩემს და ძმას თავიანთი ბინა ჰქონდეთ.
– თქვენს ქმარს პირადად აღარ შეხვედრიხართ?
– წარმატებული ქალი რომ გავხდი, კონფერენციით ამერიკაში, მაიამიში მოვხვდი. იქ ვნახე ჩემი ქმარი, გაოგნებული იყო ჩემი მიღწევებით. ჩვეულებრივად შევხვდით ერთმანეთს. საჩუქარიც კი მომცა, რაც არასდროს გაუკეთებია. არაფერი უთქვამს და არაფერი მითქვამს. როგორც მეგობრები, ისე შევხვდით. ცუდი ადამიანი არ არის, ალბათ სუსტი იყო და ამ ქალმა ორივეს გვაჯობა... დღეს დაშორებულები არიან და იმ ქალის ბავშვს ალიმენტს უხდის. დედამთილი და მამამთილი კი ჩემთვის მშობლებივით არიან.
– თქვენ არ ფიქრობთ საკუთარი ბედის მოწყობაზე?
– ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმში ვარ, იქნებ ისევ რაიმე სასწაული მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. ისე ვარ მუშაობაზე გადართული, პირადი ცხოვრება დავკარგე. ვფიქრობ, რომ ჯერ ფეხი უნდა მოვიკიდო და ფინანსური სტაბილურობა შევინარჩუნო.
– როგორ მიაღწიეთ პროფესიულ წარმატებას?
– კომპანია ჩამოვაყალიბე და თანდათან გავაფართოვე. ჩემ გარშემო სულ იყვნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც უანგაროდ მიწვდიდნენ დახმარების ხელს. ვფიქრობ, რომ ბიზნესის ნიჭი მაქვს. ინსტინქტი მაქვს გამომუშავებული, რომ ისევ ჰაერზე არ დავრჩე. სულ ვფიქრობ, მამაჩემს რომ კანონები სცოდნოდა, ასე ხომ არ დავკარგავდით ქონებას. ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებოდა, სახლები აქვს მათთვის ნაჩუქარი. ბედის ირონიაა, რომ მისი შვილები უსახლკაროდ დარჩნენ.
– შვილს როგორ ზრდით მარტოხელა დედა, ვინმე გეხმარებათ?
– ჩემი შვილი 9 წლისაა, გიორგი–არბი ჰქვია. არბი ჩეჩნური სახელია. მინდა, ახსოვდეს, რომ ეს წარმომავლობა აქვს. მისთვის კულტი ვარ. ჩემს შვილზე გადაყოლილი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ცოტა დრო მრჩება მისთვის. საუკეთესო განათლებას ვაძლევ, მინდა, ძლიერი იყოს. მის გაზრდაში დედამთილ–მამამთილი მეხმარებიან. გიორგიმ ძალიან ინერვიულა ჩემს მეორე ტურზე, სადაც დაბალი ქულები მივიღე. იტირა, სკოლაში როგორ მივიდეო. ვუთხარი, რომ ეს შოუა და ხან გავიმარჯვებ, ხან დავმარცხდები. მესამე ტურზე მიღებულმა კარგმა შედეგებმა ისიც ამაყი გახადა.
– ამ პროექტში საკუთარი ინიციატივით მიხვედით თუ მიწვევით?
– ნოე სულაბერიძეს ჩემი ფოტოები და დოსიე მაშინ უნახავს, როცა იურისტებთან კონსულტაციისთვის იყო მისული. მაშინ უთქვამს, რომ ასეთი წარმატებული გოგო, სასიამოვნო გარეგნობით სცენაზე კარგი იქნებაო. მითქმამოთქმა რომ ატყდა, კონკურსში არაცნობადი სახეები არიან და პროექტი ჩაუვარდება ნოესო, ცოტა უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი.
– ხალხისგან, მაყურებლისგან როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ?
– ესეც ღმერთის სასწაულია! ჩემი ოჯახის მხარდაჭერას ვერ ვგრძნობ და ვხედავ, უცხო ხალხი როგორ მგულშემატკივრობს. უამრავ თბილ მესიჯს ვიღებ. ვიფიქრე, ვინ ვარ, რატომ უნდა დამიმესიჯოს ხალხმა–მეთქი და მივხვდი, ერთადერთი გამოსავალი შრომა და მაგარი ცეკვა იქნებოდა.
– საცეკვაო გამოცდილება თუ გაქვთ?
– მანამდე არასდროს მიცეკვია. როგორც ინგლისური ვისწავლე თვითონ, ასევე ვსწავლობ ცეკვას. ძალიან რთული ყოფილა. მუხლში უკვე წყალი ჩამიდგა, რადგან ცეკვის დროს დავარტყი, მაგრამ ეს არც მაყურებელს აინტერესებს, არც ჟიურის.
– მშობლიურმა პანკისმა როგორ შეგაფასათ, იცით?
– ახმეტასა თუ პანკისში ბევრი საწყენი რამ გამიგია ჩემ შესახებ, რაც წარმატებული ადვოკატი გავხდი. ნეტა, როგორ მიაღწია ამდენსო, ამბობდნენ. ადამიანებს პირს ვერ ამოუკერავ. ბევრი უსამართლობაც გამიგია ჩემზე, მაგრამ ახლა ვიცი, რომ სასწაულად მგულშემატკივრობენ. სუხიშვილები სპეციალურად მიდგამენ პანკისურ ცეკვას. საქართველოში ეს ცეკვა არასდროს დადგმულა. ზღაპარში ვარ და, იმედია, ამ ნავიდან მალე არ ჩამოვალ.
MaRiami- Admin
- საყვარელი სერიალი : .....
პოსტების რაოდენობა : 119607
დაბადების თარიღი : 10.04.99
ქულები : 122672
ასაკი : 25
Similar topics
» Mariam Kublashvili/მარიამ კუბლაშვილი
» "ცეკვავენ ვარსკვალვების" გამარჯვებული მარიამ კუბლაშვილი გახდა
» მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი
» მარიამ ჯოლოგუა
» სოფი სააკაშვილი თუ მარიამ ჩაჩხიანი?
» "ცეკვავენ ვარსკვალვების" გამარჯვებული მარიამ კუბლაშვილი გახდა
» მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი
» მარიამ ჯოლოგუა
» სოფი სააკაშვილი თუ მარიამ ჩაჩხიანი?
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum